“მთვრალ ქმარს უთხარი დაიძინეო,ამას როგორ მეუბნებიო და შვილების თვალწინ ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა..”
თიანეთში, სოფელ ახალსოფელში საშინელი ფაქტი მოხდა. ქმარმა ცოლს სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავის დედამ 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა, მალე მივიდა შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ქალი სიკვდილისგან იხსნეს. უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფოს ბრიგადამ 24 წლის გალინა ნოზაძე თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა, თუმცა როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. ახალგაზრდა ქალი ახლა სიკვდილს ებრძვის, მას სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი თემურ ყარალაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.