ბოსნიელი სერბების ლიდერი: თუ გაქვთ სიტუაცია, რომელშიც ნათელია, რომ რუსეთი ცალსახად მოიგებს ამ ომს და ამ დროს დასავლეთი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის შორი მოქმედების რაკეტების გაგზავნას იწყებს, რა არის ეს, თუ არა ესკალაცია?

ბოსნიელი სერბების ლიდერი: თუ გაქვთ სიტუაცია, რომელშიც ნათელია, რომ რუსეთი ცალსახად მოიგებს ამ ომს და ამ დროს დასავლეთი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის შორი მოქმედების რაკეტების გაგზავნას იწყებს, რა არის ეს, თუ არა ესკალაცია?

ბოსნიის ავტონომიური სერბული რესპუბლიკის პრეზიდენტი მილორად დოდიკი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს. შესაბამისი განცხადება მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გააკეთა, რომელშიც კონფლიქტზე დეტალურად ისაუბრა.

„უკვე ცხადია, რომ ეს ომი სულ უფრო ჰგავს ომს რუსეთსა და დასავლეთს შორის. მე ვგმობ ომს და არ ვფიქრობ, რომ უნდა დავდგეთ რომელიმე მხარს და ამის ნაწილი გავხდეთ. ამერიკა ევროპას უბიძგებს, ყველა თავისი რესურსი ამ ომზე დახარჯოს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ამერიკის სურვილი სავარაუდოდ ევროპასა და რუსეთს შორის მუდმივი კონფლიქტის შექმნაში მდგომარეობს, რათა ისინი არასოდეს გახდნენ პარტნიორები. და რა მიიღო ამით ევროპამ? არაფერი. სინამდვილეში, მან კონკურენტული უპირატესობა დაკარგა. ახლა, როდესაც აღარ ახორციელებენ ენერგიის იმპორტს რუსეთიდან, იგივე პროდუქტში უფრო მაღალი ფასის გადახდა უწევთ“, - აცხადებს დოდიკი.

მან რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზეც ისაუბრა და მას „დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ლიდერი“ უწოდა. დოდიკი ამბობს, რომ პუტინი„ მშვიდობის ადამიანია, მაგრამ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გამო რუსეთს საფრთხის ქვეშ ვერ დააყენებდა“. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან ის არ უპირისპირდება დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობას, არამედ - მხოლოდ ამ სახელმწიფოების პოლიტიკურ ელიტებს.

„ოტო ფონ ბისმარკმა თქვა: თუ გინდათ რუსეთი მართოთ, აიძულეთ მას უკრაინასთან იომოს. იმიტომ, რომ ამგვარად აიძულებთ ამ ორ მჭიდროდ დაკავშირებულ ქვეყანას, ერთმანეთი დაფლითონ. ეს გამოიყურება როგორც ისტორია, რომელსაც თავის დროზე მხარი დაუჭირეს ჰიტლერმა და სხვებმა. ახლა დასავლეთი, ადამიანის უფლებების დაცვის ნარატივის საფარქვეშ ზუსტად ამის გაკეთებას ცდილობს“, - მიიჩნევს დოდიკი.

მისი აზრით, თუ დასავლეთი უკრაინას მისი იარაღის რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოყენების ნებას მისცემს, ეს კონფლიქტის ესკალაცია იქნება.

„თუ გაქვთ სიტუაცია, რომელშიც ნათელია, რომ რუსეთს პროგრესი აქვს ფრონტზე, რომ რუსეთი ცალსახად მოიგებს ამ ომს და ამ დროს დასავლეთი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის შორი მოქმედების რაკეტების გაგზავნას იწყებს, რა შეიძლება ამას ვუწოდოთ, თუ არა ესკალაცია? რა განზრახვები აქვთ? რა თქმა უნდა, ყოველთვის მოძებნიან კარგ განზრახვებს, რათა შენიღბონ ეს ყველაფერი“, - ამბობს პრეზიდენტი.