ტექნიკური ნოკაუტი პირველივე რაუნდში - დოლიძემ ჰოლანდი დაამარცხა!
UFC-ს ოქტაგონზე ქართველი მებრძოლების წარმატება გრძელდება! ივნისში ენტონი სმიტის წინააღმდეგ ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, რომან დოლიძემ UFC 307-ზე კევინ ჰოლანდი დაამარხცა და წარმატებული სერია ზედიზედ ორ გამარჯვებამდე აიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ბრძოლა ჰოლანდისთვის სასურველი სცენარით დაიწყო. პირველი რაუნდის დიდი ნაწილი მეტოქეებმა ფეხზე გაატარეს, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობა ამერიკელ მებრძოლს ჰქონდა. თუმცა, ყველაფერი მე-2 წუთის ბოლოს შეიცვალა - დოლიძემ ბრძოლა პარტერში გადაიყვანა… და აქ ნათელი გახდა დიდი სხვაობა ოპონენტების ფიზიკურობასა და უნარებში.
ერთ-ერთი გრეპლინგ მიმოცვლის დროს, დოლიძემ ჰოლანდი უხერხულ პოზიციაში დაიჭირა, რამაც, საბოლოო ჯამში, “Trailblazer”-ის ტრავმა გამოიწვია. ბათუმელმა მეტოქეს სისუსტით ისარგებლა და რაუნდი დომინანტურ პოზიციაში, მიწაზე ძლიერი დარტყმებით დაასრულა. რაუნდის დასრულების შემდეგ კუთხეში დაბრუნებულმა ჰოლანდმა მწვრთნელებს შეატყობინა, რომ ნეკნზე მიღებული ტრავმის გამო, შეხვედრას ვეღარ გააგრძელებდა. შედეგად, რომან დოლიძეს ანგარიშზე პირველი რაუნდის 5:00-ზე ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება დაფიქსირდა.
2024 წელი რომან დოლიძისთვის დატვირთული აღმოჩნდა - დღევანდელი ბრძოლა ბათუმელის ოქტაგონზე მესამე გამოსვლა იყო. თუმცა, დოლიძე გაჩერებას არ აპირებს - ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში მებრძოლმა დეკემბერში ბრძოლის სურვილი გამოთქვა, ხოლო სასურველ მეტოქეებად რობერტ უიტეკერი და ხამზატ ჩიმაევი დაასახელა.