"როცა ჩემი შვილის ამბავი მოხდა და პირველად გამოვედი სახლიდან, დავინახე რომ…" ნიკოლოზ წულუკიძემ დუმილი დაარღვია
თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე ნანკა გვარის საავტორო რუბრიკაში “მარტოობის 15 წუთი” ცხოვრების მთავარ ტრაგედიაზე და შიშების დაძლევაზე საუბრობს:
– ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ჩემი საუკეთესო მდგომარეობა მარტო დარჩენაა, რადგან ყველაზე უკეთ შიშებთან, კომპლექსებთან, რაღაც შეუცნობელთან დაპირისპირებასა და გათავისუფლებას ამ დროს ვახერხებ. ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, ის მოხდა… ამიტომ, მაგ შიშის გაანალიზებას ვცდილობ ახლა, რომ ჩემ თავთან მოვერიო და სხვამ არ შემამჩნიოს. მომწონს, როცა მარტო ვარ და ვფიქრობ. როცა წინ მიდიხარ, უკან არ იხედები. მერე რაღაც ხდება ცხოვრებაში, რაც გავალდებულებს თუ გაიძულებს, რომ ადგე და თავიდან დაიწყო. ამ დროს იწყებ ფიქრს და მერე ეს ფიქრი გეხმარება. ან შენ ეხმარები ფიქრს, რომ იმ ფიქრით შენს თავს მოეხმარო… ფიქრში სწავლობ, ახლიდან როგორ უნდა დაიწყო, რა გსიამოვნებს. ერთხელ ჩვენმა პედაგოგმა გვითხრა, ცხოვრებაში წარმატებას რომ მიაღწიო, ძალიან მნიშვნელოვანია, შენი თავის ფასი გაიგო და უფრო ძვირად გაყიდო, ვიდრე თვითღირებულებაა, მაგრამ არც ისე ძალიან ძვირად, რომ მერე ვეღარ გაყიდოო. “გაყიდვა” შესაძლოა, ცუდი სიტყვაა. მაგრამ, როცა შენი თავი და შესაძლებლობები იცი, მერე ცხოვრება ძალიან ადვილი ხდება.
არასოდეს ჩემს ცხოვრებაში ეთერში ტყუილი არ მითქვამს. არასოდეს მომიტყუებია მაყურებელი და არასოდეს არც მაყურებლისთვის და, მით უფრო, რესპონდენტისთვის მე ჭკუა არ მისწავლებია. როცა გულწრფელი ხარ და რაღაცას ჰყვები, იქ მაყურებელს შენი სჯერა. როგორც კი ვიღაცას თითს დაუქნევ და მოატყუებ, ყველაფერი მთავრდება. გულწრფელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემზე უფრო ფეთქებადი ადამიანი არ ვიცი, თუ არსებობს. უბრალოდ, ძალიან მალე, ისე ვნერვიულობ ამ აფეთქებაზე და ისე განვიცდი, რომ მერე რაც არ უნდა მართალი ვიყო, მაინც დამნაშავედ ვგრძნობ თავს და ვცდილობ, იმ ადამიანთან ურთიერთობა დავალაგო. ამ ემოციით ღამე მეღვიძება და ვცდილობ გავაანალიზო. ყოველდღე ვცდილობ, რომ ჩემი თავი უკეთესი გავხადო. სხვანაირად ცხოვრება უინტერესოა.
როცა ჩემი შვილის ამბავი მოხდა და პირველად გამოვედი სახლიდან, ქუჩაში ვხედავ, რომ ჩემი ასაკის მამა ჩემი შვილის ასაკის ბავშვს როგორ ეხუტება. თან ძალიან არ მინდა, ამაში ჩემს თავს გამოვუტყდე, მაგრამ მივხვდი, რომ ამის დანახვამ გამაღიზიანა… გამაღიზიანა იმან, რომ მე არ შემეძლო, იგივე გამეკეთებინა. ის წამები იყო, როცა ღმერთს ვთხოვე, დამხმარებოდა, ისე მეცხოვრა, რომ როცა დავინახავ, მამა შვილს როგორ ეფერება, ამან არ გამაღიზიანოს. მას შემდეგ საკუთარ თავს სულ ვამოწმებდი. ვეძებდი, რომ ქუჩაში ასეთი სცენა დამენახა და ჩემს თავს დავკვირვებოდი, რა რეაქცია მექნებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან მესიამოვნა. ეს იცით, ჩემთვის რამხელა გამარჯვება იყო? მივხვდი, რომ საკუთარ თავს მოვერიე… ბევრი ფიქრი ამ დიდი განსაცდელის მერე დავიწყე. მანამდე ბედნიერი ადამიანი ვიყავი და მეგონა, რომ ამას ვიმსახურებდი. შიში კი მქონდა, რომ ეს ერთ დღეს დამთავრდებოდა, მაგრამ მეგონა, რომ სულ ასე იქნებოდა.
ყოველთვის შეგიძლია, ბედნიერება შენზე უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებით გაზომო. რა ქნას იმან?! – უნდა დასვა შეკითხვა. ბათუმში რომ კორპუსი ჩამოინგრა, ალბათ, გახსოვთ მამა, რომელსაც მეუღლე და შვილები დაეღუპა. ჩემი ამბავი რომ მოხდა, რამდენიმე დღეში ამ კაცმა დამირეკა, რომელსაც მე არ ვიცნობდი. რომ მითხრა, ვინ იყო და რომ გავაცნობიერე, რომ გასამხნევებლად მირეკავდა, იცით, რამხელა ძალა ვიგრძენი?! ადამიანს, რომელსაც უფრო უჭირს, შეუძლია, ამ დროს შენზე იფიქროს და დაგირეკოს. იმ წუთში გამიჩნდა სურვილი, რომ მეც დავხმარებოდი ვინმეს… ამიტომ ეს ჯაჭვია. ყველას ჩვენ-ჩვენი ვალი გვაქვს.
არაჩვეულებრივ ფსიქოლოგებთან დავდიოდი. ანტიდეპრესანტებსაც ვსვამდი, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ საკუთარ თავს თავად უნდა დავხმარებოდი. როგორც კი შენი თავის დახმარებას იწყებ, მერე უფრო ადვილად გადიხარ ცხოვრებას. ცხოვრების მთავარი სკოლაა, რომ შენ მიხვდე, რა გამოგდის და რისი კეთება განიჭებს სიამოვნებას. ამაში ოჯახი თუ ვერ დაგეხმარება, ხელი მაინც არ უნდა შეგიშალოს. მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ ხელისშემშლელ ბარიერებს ვერ ვლახავთ. საკუთარი თავი უნდა ვეძებოთ და გავაანალიზოთ, რა პროფესია, ვისთან ერთად თანაცხოვრება გვანიჭებს სიამოვნებას და მერე გამბედაობა გამოვიჩინოთ და ვთქვათ, პირობითად: “არა, მე იურიდიულზე არ მინდა და სამსახიობოზე ჩაბარება მინდა.” ჩემი პედაგოგები სიამაყით მეუბნებოდნენ ხოლმე, 40 წელია, აქ ვმუშაობო. რატომ უნდა გინდოდეს 40 წელი ერთსა და იმავე ადგილზე მუშაობა და რატომ არ უნდა გინდოდეს, განვითარდე. ესე იგი, იმ მოცემულობას ეგუები. როგორც კი ეს ხდება, ცხოვრებას ანადგურებს. არაჩვეულებრივი მეზობელი მყავდა. მუსიკისმცოდნე იყო და ძალიან უჭირდა. ამ გაჭირვების დროს უპოვართა სასადილოში დადიოდა ისე, რომ მეზობლებმა არ ვიცოდით. ეს ქალბატონი 71 წლის იყო. ერთ მშვენიერ დღეს მოდის და 77 წლის მამაკაცი მოჰყვება. ღმერთმა მათ რამდენიმე წელი მისცა, რომ ერთად ყოფილიყვნენ. თითჩაკიდებული დადიოდნენ. ეს რომ ვნახე, მივხვდი, რომ მან ეს 71 წელი ამისთვის იცხოვრა. ელოდებოდა, რომ ეს ყოფილიყო. იმას კი არ დარდობდა, რომ ახალგაზრდობაში შევხვედროდითო. იმ მოცემულობით იყო კმაყოფილი. ამიტომ, ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები – ცხოვრებაში ერთი დღე დგება, როცა ყველაფერი წინ გაქვს და იმ დღეს ხვდები, რომ ყველაფერი დარჩა უკან. ეს დღე ვიღაცისთვის 24 წლის ასაკში, ვიღაცისთვის 72 წლის ასაკში დგება. შენს თავზე დაკვირვებითა და ფიქრით შეგიძლია, ყოველთვის ყველაფერი წინ გქონდეს.
როცა შენს ცხოვრებაში რთული დღეებია, ასეთ დროს, ალბათ, შენზე უიმედო ადამიანი უნდა მოძებნო და მისთვის იმედი გახდე. ყველაფერი იცვლება, როცა შვილები გყავს. როცა რაღაც იცვლება, ხელების ჩამოშვების უფლება არ გაქვს. შვილების არსებობა ფეხზე გაყენებს. მერე ოჯახის წევრები, მშობლები. დედის ფილოსოფია მაინც ყველაზე დიდი ძალაა. როცა დედას და მამას შვილის ტრაგედია ემართებათ, დედას სიყვარულის, თანაგანცდის უფრო დიდი ძალა აქვს. კაცები ასეთ დროს უფრო გამძლეები ალბათ იმიტომ ვართ, რომ ვხედავთ, იმას უფრო უჭირს. შენ მერე გამოხატვის გრცხვენია – ის უფრო ცუდადაა და შენ რა გაქვს სათქმელი? ამას ვაანალიზებთ. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, სასოწარკვეთაზე არ იფიქრო. როცა სხვას შიშის, ტრაგედიის დაძლევაში ეხმარები, სინამდვილეში, საკუთარ თავს უფრო ეხმარები.