"რაც პოლიტიკაში დაბრუნდა, ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილია. "ოცნებას" მხარდამჭერთა 750 ათასი ხმა გაყალბების გარეშე ექნება"

"რაც პოლიტიკაში დაბრუნდა, ცხადი გახდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილია. "ოცნებას" მხარდამჭერთა 750 ათასი ხმა გაყალბების გარეშე ექნება"

"ოცნებას" მხარდამჭერთა 750 ათასი ხმა გაყალბების გარეშე ექნება. დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ დაჯგუფებას, რომელიც შეძლებს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას"

ბოლო დროს მმართველმა პარტიამ დასავლეთის მიმართ თითქოს ტონი შეარბილა, თუმცა ამ კვირის განმავლობაში მოვისმინეთ აშშ-ისა და ევროკავშირის მკაცრი განცხადებები - პირდაპირ ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ხვდებიან იმ პოლიტიკის გამო, რასაც "ოცნება" ატარებს, რომ მომავალი ურთიერთობა მთლიანად დამოკიდებული იქნება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე. პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ბოდბელი ეპისკოპოსი აშშ-ში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა და ეს სახელმწიფო დეპარტამენტის დღის წესრიგში­ იყო გაწერილი. რას ნიშნავს ეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, ვახტანგ ძაბირაძესა და მირიან მირიანაშვილს ვესაუბრეთ.

"დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ დაჯგუფებას, რომელიც შეძლებს ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას"

ვახტანგ ძაბირაძე:

- ვფიქრობ, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ვითარება უფრო გამწვავდება. ამავე დროს ველოდები, რომ გაძლიერდება ჩვენი პარტნიორების ზეწოლა "ქართულ ოცნებაზე", რათა არჩევნები ჩატარდეს იმაზე დემოკრატიულად, ვიდრე თუნდაც 2020 წლის არჩევნები.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ, "ქართულ ოცნებას" დაახლოებით 35%-იანი მხარდაჭერა ექნება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არჩევნებზე რამდენი ადამიანი მივა და რამდენი პროცენტი დარჩება გადაუნაწილებელი. ეს ორი ფაქტორი იქნება უმნიშვნელოვანესი, რომ "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლოს უმრავლესობის მოპოვება. საკონსტიტუციო უმრავლესობაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის.

თუკი ჩავთვლით, რომ არჩევნებზე 2 მილი­ონი კაცი მივიდა და "ოცნებამ" 35% მიიღო, ეს 700-750 ათასი ხმაა, რაც ძალიან რეალურია ყოველგვარი გაყალბების გარეშეც "ოცნებისთვის". თუ მანდატების 20% დარჩება გადაუნაწილებელი, ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" 60-62 მანდატს მიიღებს. აქედან გამომდინარე, მას კიდევ 14-16 მანდატის დამატება დასჭირდება ხელისუფლებაში დასარჩენად და აი, აქ ჩნდება­ კიდევ ერთი საკითხი - დღევანდელ ოპოზიციაში, ვინც ბარიერს გადალახავს, მოიძებნება ის 16 კაცი, ვინც "ქართული ოცნების" მხარეს შეიძლება აღმოჩნდეს? იმ ფინანსური შესაძლებლობებით, რაც დღეს ივანიშვილს აქვს, ეს სავსებით რეალურია.

- ამბობთ, რომ "ოცნება" გაყალბების გარე­შე აიღებს 35%-ს. ფიქრობთ, ამით დაკმაყოფილდება? მით უმეტეს, აქამდე სულ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ლაპარაკობენ.

- მოდელი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, რომ არ გააყალბოს და ისე შეძლოს უმრავლესობის მიღება, არსებულ ვითარებაში რეალურია. არის მეორე ფაქტორიც - ასეთ შემთხვევაში ჩვენი პარტნი­ო­რებიც აღიარებენ, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვა­ნია და პირველ რიგში "ოცნებისთვის", რადგან მას ლეგიტიმაცია სჭირდება სწორედ დასავლეთისგან. ამ პროცენტის მიღება გაყალბების გარეშე "ოცნებისთვის" სავსებით რეალურია, რაც მათ კოალიციის შექმნის საშუალებას მისცემს. ამის გარდა, არის მეორე ვარიანტიც - ჩემი ოპოზიციისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, გამომდინარე მთელი ამ ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან, ივანიშვილს არ გაუჭირდება 15 კაცის მოძებნა, რომლებიც "ქართული ოცნების" მხარეს გადავლენ და მხარს დაუჭერენ "ოცნების" მთავრობას. ეს შეიძლება 15-20 მილიონი დოლარი დაუჯდეს. მილიონ დოლარზე რამდენი იტყვის უარს დღევანდელი ოპოზიციური კანდიდატებიდან, არ ვიცი. ღმერთმა ქნას, ყველამ უარი თქვას, მაგრამ მეეჭვება.

წლებია ვხედავთ, როგორ ხდებოდა შევარდნაძის მხარდამჭერების ტრანსპორტირება ჯერ "ნაცმოძრაობაში", თავი რომ დავანებოთ იმას, "ნაცმოძრაობაც" რომ თავად შევარდნაძემ წარმოშვა, და შემდეგ "ნაციონალებიდან" "ქართულ ოცნებაში". არც იმას გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებას" რომელიმე პარტიამაც დაუჭიროს მხარი და მასთან გააკეთოს კოალიცია, თუკი "ოცნება" პრემიერის სავარძელს დაუთმობს.

იქნება კოალიცია, შესაბამისად, არც ჩვენს პარტნიორებს და არც ოპოზიციას არ ექნებათ არგუმენტი, რომ არჩევნების არალეგიტიმურობაზე ისაუბრონ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა, უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო მათი მესიჯები.

- ამ კვირის განმავლობაში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებისგან მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები, რომ ისინი აღარ ლაპარაკობენ ხელისუფლებასთან. ასეთ ვითარებაში რა შანსი რჩება "ქართულ ოცნებას"?

- როგორც გითხარით, მხარდამჭერთა 750 ათასი ხმა "ოცნებას" გაყალბების გარეშე ექნება. ის სახელისუფლებო პარტიაა და ოპოზიცია არ ბრწყინავს, რბილად რომ ვთქვათ.

ეს ორი ისეთი ფაქტორია, ძალიან რეალური­ მგონია 35%-ის მიღებაც და ის სცენარიც, რაც ზემოთ განვიხილეთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორებისთვისაც მისაღები იქნება ეს შედეგები, რადგან არ გაყალბდება. ცხადია, მე ვლაპარაკობ იმ შემთხვევაზე, როცა "ოცნება", წესით, არ უნდა წავიდეს გაყალბებაზე, რადგან ეს მათივე ინტერესებში შედის, რომ როგორმე ხელისუფლებაში დარჩნენ. თუკი "ოცნება" არჩევნებს­ გააყალბებს, მაშინ, რა თქმა უნდა, იქნება პროტესტიც და გამოსვლებიც. პირველ შემთხვევაში კი, რისი მოლოდინიც მე მაქვს, 35% რომ აიღოს და ყველაფერი ისე წავიდეს, როგორც გითხარით, შესაძლოა პროტესტი იყოს, მაგრამ ვერ იქნება საყოველთაო. "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, წინასწარ თავს იზღვევს, "გაღმა შეედავეს" პრინციპით მუშაობს, აცხადებს, თქვენ არჩევნებისთვის კი არა, პროტესტისთვის ემზადებითო, რათა თუ მაინც გააყალბებს არჩევნებს, მერე თქვას, აი, ხომ ვამბობდით, ოპოზიცია პროტესტისთვის ემზადებოდაო. მაგრამ საქმე ისაა,

თუკი ამომრჩეველთა უმრავლესობა­ დარწმუნებული იქნება, რომ არჩევნები გაყალბდა, პროტესტი იქნება და ძალიან შედეგიანიც.

გულწრფელად რომ გითხრათ, დღეს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ დაჯგუფებას, რომელიც შეძლებს და ქვეყანას ამ ჭაობიდან ამოიყვანს. პოლიტიკური სპექტრისა და მთლიანად საზოგადოების, ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ორი რამ შევასრულოთ: ქვეყანაში შევაჩეროთ ავტორიტარიზმისკენ სვლა და მეორე - საგარეო ვექტორი, რომ დავრჩეთ ევროპული განვითარების გზაზე. ეს არის დღეს საზოგადოების და ოპოზიციის უპირველესი ამოცანა. ღმერთმა ქნას, რაც არის მოცემული პრეზიდენტის ქარტიაში, ისიც გაკეთდეს. ამის გაკეთება ოპოზიციას, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუკი იქნება მყარი და ორიენტირებული ამ მიმართულებაზე. თუკი ეს ვერ მოხერხდება და "ქართული ოცნება" შეინარჩუნებს ძალაუფლებას, თანაც ამ რეჟიმში გააგრძელებს მოქმედებას, რა თქმა უნდა, ზეწოლაც გაძლიერდება და ჩვენთვის ეს კატასტროფა იქნება. საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარება გარე ძალის გარეშე არ არსებობს. ამიტომაც, თუ სვლა იქით გაგრძელდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს, არა ხვალ-ზეგ, მაგრამ მომდევნო წლებში საზოგადოებრივი აფეთქება.

- ის, რომ "ოცნებამ" ბოლო კვირაში ტონი შეარბილა, ვგულისხმობ კობახიძის განცხადებებს, დამკვირვებლებიდან მოხსნილი არასამთავრობოების ისევ დაშვებას არჩევნებზე, ამერიკაში მღვდელმთავრის გაგზავნას, რას ნიშნავს და რა შეიძლება შეიცვალოს?

- "ქართულმა ოცნებამ" უკიდურესობამდე გაამწვავა ურთიერთობა დასავლეთთან. თუ გავიხსენებთ იმასაც, რაც აშშ-ის ელჩმა თქვა, როგორც ჩანს, ივანიშვილი ცდილობდა თავისი ფული გადაერჩინა და შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს "ოცნების" რადიკალური დაპირისპირება დასავლეთთან. თუმცა მე არ მიმაჩნია, რომ მთავარი მხოლოდ ფინანსებია. ჩემი აზრით, ივანიშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, მაინც ცდილობს რუსეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. როგორც ჩანს, მათ ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ დასავლეთი რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამდა. თავისთავად ამერიკის ელჩის განცხადება უპრეცედენტოა - ელჩები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ, თუ ვითარება ძალიან დაძაბული და კრიტიკული არ არის; და მეორე - როდესაც ხელისუფლებას ყველანაირი რესურსი ამოეწურა, იძულებული გახდა ნეიტრალური პირის საშუალებით დალაპარაკებოდა დასავლელ პარტნიორებს და ასეთად, როგორც ჩანს, მღვდე­ლმთავარი მიიჩნია, რომელსაც გავლენა აქვს საპატრიარქოშიც და აშშ-შიც. ის იმაზე გაცილებით კარგად მიიღეს, ვიდრე პრემიერი. რაც შეეხება იმას, თუ რაზე ილაპარაკეს, ალბათ, არა იმდენად ფინანსებზე, არამედ, ალბათ, უფრო "ოცნების" წაგების შემთხვევაში უსაფრთხოების თემებზე. ეს იგივე პროცესია, რაც იყო 2003 და 2012 წლებში. შევარდნაძემაც მიიღო გარანტია, რომ მას ხელს არავინ ახლებდა, სიცოცხლის ბოლომდე მშვიდად ცხოვრობდა კრწანისში. ხელშეუხებელი იყო სააკაშვილიც, საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო. ამას ამბობდნენ კიდეც ის სენატორები, ვინც მაშინ საქართველოში იყვნენ ჩამოსული. ამიტომ ახლაც უსაფრთხოებაზე რომ იყოს ლაპარაკი, არ გამოვრიცხავ. იმედია, შეთანხმდებიან, მიიღებს ივანიშვილი გარანტიებს და უფრო მშვიდი არჩევნები გვექნება, ვიდრე თუნდაც 2020-ში იყო.