"ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია - ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა"
ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია - ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილისა და მის მოადგილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის დაწესებულ სანქციებზე და განაცხადა, რომ ეს „ იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება“.
შალვა პაპუაშვილმა სანციებთან დაკავშირებით აშშ-ს გადაწყვეტილებას „თვითნებური და დაუსაბუთებელი“ უწოდა.
„რაც შეეხება ჩვენს პოლიციელებს, ის ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, ვერავინ ვერ ნახა მათ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიების მტკიცებულება, მათ არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ არ მიეცათ დაცვის უფლება. არცერთი რაიმე ფაქტი ან პრეტენზია, თუკი აქვს აშშ-ს, გასაჯაროებული არ იქნა. ამიტომ, ეს იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
რაც შეეხება გადაწყვეტილებებს აშშ-ში, ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო - საქართველო, ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი კანონმდებლობით და საქართველოში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია. ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების მხრივ. თუკი აქვთ რაიმე პრეტენზია, მტკიცებულება საქართველოს რომელიმე მოქალაქესთან დაკავშირებით, ეს უნდა წარმოადგინონ.
ჩვენ, როგორც ადრე, გახსოვთ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ასევე, ახლა, ყოველ ჯერზე ვეუბნებით, წარმოგვიდგინეთ მტკიცებულებები. ფაქტია, რომ ამ მტკიცებულებების წარმოდგენა არ შეუძლიათ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად თვითნებური და დაუსაბუთებელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები 16 სექტემბერს დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს აწესებს საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
"ინტერპრესნიუსი"