„სახლში უკვე მიასვენეს... 3 წლის შვილი დარჩა...“ - ცნობილია 21 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც გუდაურში დაიღუპა

„სახლში უკვე მიასვენეს... 3 წლის შვილი დარჩა...“ - ცნობილია 21 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც გუდაურში დაიღუპა

გუდაურში, ერთ-ერთ სასტუმროში დაღუპული გოგონა 21 წლის გურანდა მარი ჩხაიძეა. ის ინდურ რესტორანში მიმტანის პოზიციაზე მუშაობდა.

ახლობლების ცნობით, მას 3 წლის შვილი, პატარა მარიამი დარჩა.

12-ვე ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა, გარდაცვალების მიზეზებზე ოფიციალური დასკვნა, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. ახლა ახლობლები ცხედრების გადასვენებას ინდოეთში, ან მინიმუმ, იმ ქვეყანაში ცდილობენ, სადაც გარდაცვლილების კრემაციაა შესაძლებელი.

ინდოეთის მოქალაქეების ცხედრები, ამ დრომდე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება. კიდევ ერთი გარდაცვლილი, 25 წლის ქალი საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. 

გუდაურში ინდოეთის მოქალაქეებმა კომერციული ფართი, დაახლოებით, ორი წლის წინ იქირავეს და იქ საკვებ ობიექტს ამუშავებდნენ. მათ ადგილობრივებიც კარგად იცნობდნენ. გარდაცვლილთა ასაკი 25-დან 40 წლამდე მერყეობს. მათ შორის, 8 მამაკაცი და 4 ქალია.

გარდაცვლილთა შორისაა რესტორნის მეპატრონე, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა. ახალგაზრდა მამაკაცის ძმას, დღეს, "კურიერიც" ესაუბრა. ის ჰყვება, რომ ძმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე სატელეფონო კავშირზე აღარ გამოდიოდა, რის გამოც, გუდაურში ჩასვლა თავად გადაწყვიტა. ადგილზე მისულს კი ობიექტზე უკვე სამართალდამცველები დახვდნენ.

გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას წინ უძღოდა ძლიერი ქარი და უამინდობა, რის გამოც, კურორტზე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. სწორედ ამ მიზეზით, ობიექტზე გენერატორი ჩართეს, თუმცა გამონაბოლქვი, სავარაუდოდ, რესტორნისა და საძინებელი ფართის შიდა ტერიტორიაზე აღწევდა, მომწამვლელმა ნივთიერებამ კი, საბოლოოდ, 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.