გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სპეციალიზებული ტრენინგი ჩაატარეს
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საერთაშორისო მეკავშირე ოფიცერთან მჭიდრო პროფესიული თანამშრომლობის შედეგად, გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისა და ანალიტიკოსებისათვის სპეციალიზებული 2 - დღიანი ტრენინგი ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრენინგის თემატიკა მოიცავდა პარალელურ ფინანსურ გამოძიებასა და დაყადაღებული აქტივების მართვასთან დაკავშირებულს სხვადასხვა ასპექტს.
„ხაზი გაესვა არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის მიმართულებით.
მხარეთა მანდატის ფარგლებში, ტრენინგის მიმდინარეობისას დეტალურად იქნა განხილული გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი კანონმდებლობა და გაანალიზდა კონკრეტული პრაქტიკული მაგალითები.
გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს კოლეგა უწყებებს შორის შემდგომი პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, უახლოეს მომავალში დაიგეგმება შესაბამისი აქტივობები კონკრეტული მიმართულებებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.