Le Zuriko Show - სენტ ეტიენის თავკაცისა და ფრანგული მედიის შეფასებები
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში სენტ ეტიენმა ზურიკო დავითაშვილის ჰეთ თრიკის წყალობით 3:1 დაამარცხა ოსერი. ზურიკო, რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მატჩის შემდეგ სენტ ეტიენის თავკაცმა ოლივიე დალ'ოლიომ მატჩის გმირზე ილაპარაკა:
"ზურიკო დღეს ძალიან მაგარი იყო, მეტის გატანაც კი შეეძლო, რადგან სხვა შანსებიც ჰქონდა. ზურიკოს შრომა დაუფასდა, შემიძლია ვთქვა, რომ მას დღეს სრულყოფილი მატჩი ჰქონდა. ეს მატჩი შესაძლოა, მისი კარიერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. ასეთი თამაშის ნიშნები მას ჯერ კიდევ ზაფხულში, ამხანაგურ მატჩებში ეტყობოდა. მას ჯერ კიდევ აქვს მომატების პოტენციალი", - განაცხადა სენტ ეტიენის თავკაცმა, რომლის გუნდმაც ამ გამარჯვებით თავი დააღწია გასავარდნ ზონას.
Le Zuriko Show - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია სენტ ეტიენის ფანსაიტმა envertetcontretous.fr-მ.
ეს ზურიკოს პირველი ჰეთ თრიკია ტოპლიგებში და მეორე ქართული ჰეთ თრიკი ევროპის 5 საუკეთესო ლიგის ისტორიაში. პირველი თითქმის 21 წლის წინათ, ალექსანდრე იაშვილს ეკუთვნის.