ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები.

15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები.
პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიაც.
„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – წერს მერია.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ორივე ბავშვი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე].