იუვენტუსის ქამბექი ლაიპციგში - რეალი, ბაიერნი და ატლეტიკო დამარცხდნენ
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მეორე დღე გრანდებისთვის მძიმე გამოდგა და რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა. სტუმრად მინიმალური ანგარიშით წააგეს რეალმა ლილთან და ბაიერნიმა ასტონ ვილასთან, ატლეტიკო კი ბენფიკასთან სულაც 0:4 განადგურდა. დამაჯერებლად მხოლოდ ლივერპულმა მოიგო “ენფილდზე” ბოლონიასთან, მონაკო კი ზაგრებში დინამოსთან მარცხს 90-ე წუთზე დანიშნული პენალტის წყალობით გადაურჩა.
ლაიპციგი 2:3 იუვენტუსი
გოლები: 1:0 შეშკო (30’), 1:1 ვლაჰოვიჩი (50’), 2:1 შეშკო (68’), 2:2 ვლაჰოვიჩი (69’), 2:3 კონსეისაო (82’)
გაძევება: დე გრეგორიო (59’ იუვენტუსი).
ყველაზე მაგარი თამაში მაინც ლაიპციგში გამოვიდა, სადაც კაცნაკლულმა იუვენტუსმა შეძლო თამაშის ბედის შემოტრიალება. ლაიპციგი ორჯერ იგებდა ბენიამინ შეშკოს დუბლით, რომელსაც ორი გოლითვე უპასუხა დუშან ვლაჰოვიჩმა. ტიაგო მოტას გუნდმა მიკელე დე გრეგორიოს გაძევების გამო, ბოლო ნახევარი საათი ათი კაცით ჩაატარა, გამარჯვების გოლი კი შიკუ კონსეისაომ შეაგდო.
ტურინელები მესამე ტურში, 22 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე შტუტგარტს მიიღებენ, ლაიპციგს კი 23-ში ლივერპულის მასპინძლობა მოუწევს.
შტურმი 0:1 ბრიუგე
გოლი: 0:1 ცოლისი (23’)
სამწუხაროდ, ისევ წააგო ოთარ კიტეიშვილის გრაცის შტურმმაც, რომელმაც საკუთარ მოედანზე ბრიუგე მიიღო. 28 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. გრაცელები ცუდად არ გამოიყურებოდნენ, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ ხრისტოს ცოლისის ბრწყინვალე გოლის გამო, მდევრის როლში ნაადრევად აღმოჩნდნენ და ამან საქმე გაურთულა.
ავსტრიის ჩემპიონების “ათიანს” მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს ჰქონდა,, როდესაც ბურთი ბრიუგეს კარისკენ მიღებისთანავე, ძირს დაუშვებლად გაუშვა. “კიტეს” დარტყმა საკმაოდ ეფექტური, მაგრამ მცირედით არაზუსტი გამოუვიდა.
შტურმს ორი ტურის შემდეგ ქულა ისევ არ აქვს. კრისტიან ილცერის გუნდი მესამე ტურის შეხვედრას 22 ოქტომბერს, კვლავაც საკუთარ მოედანზე, ლისაბონის სპორტინგის წინააღდეგ ჩაატარებს.